რუსეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს [ფოტო]
რუსეთის ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ათობით ადამიანი დააკავეს [ფოტო]

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე მოსკოვსა და პეტერბურგში, ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მთავარი სლოგანია – „ის ჩვენი მეფე არ არის“.

პეტერბურგში ათობით ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო და რუსეთის ოპოზიციური მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში აქტივისტების დაკავების ამსახველი ფოტოები გავრცელდა, ასევე ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დემონსტრაციის ადგილზე უცნობმა პირებმა აქციის დაშლის მიზნით, ხმოვანი ყუმბარა გამოიყენეს.

აქციის ორგანიზატორი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ციმბირის რამდენიმე ქალაქშიც. „შეწყდეს ტყუილები, შეწყდეს ომები!“  – სკანდირებდნენ ბარნაულის ცენტრალურ პარკში შეკრებილი აქტივისტები. პოლიციამ აღნიშნულ ქალაქში რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

კრასნოიარსკში კი, აქციის ორგანიზებისას ნავალნის შტაბის თანამშრომელი იანა გერასიმოვა დააპატიმრეს.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმური მმართველია.

პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.