რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში ერთ-ერთი კორპუსის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება, არსებობს კიდევ ორი სადარბაზოს ჩამონგრევის საფრთხე, – ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ოფიციალური პირები მოუწოდებენ რისკის ზონაში მდებარე სადარბაზოების მცხოვრებლებს, დროულად დაუკავშირდნენ ოპერატიულ შტაბს და მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

მაგნიტოგორსკში საცხოვრებელ სახლში აფეთქება დღეს დილით მოხდა. ვარაუდობენ, რომ აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე ოთხი ადამიანი, 80-მდე მოქალაქეს კი ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ოპერაცია ადგილზე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

მაგნიტოგორსკში შექმნილი მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად უკვე გაემგზავრა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი და ჯანდაცვის მინისტრიც. მომხდარის გამო, ქალაქში საგანაგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.