რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნების დღეს ხმის მისაცემად მივიდნენ.

ყოფილმა ტელევარსკვლავმა და ჟურნალისტმა ვაშინგტონში ყოფნისას აღნიშნა, რომ არჩევნების ბოიკოტის მომხრე არ არის, რადგან „ბოიკოტი არ ეწინააღმდეგება პუტინს. ბოიკოტი ეწინააღმდეგება მათემატიკას. რაც უფრო მეტი ოპოზიციონერი ამომრჩეველი არ მივა ხმის მისაცემად, პროცენტულად მით მეტ მხარდაჭერას მიიღებს პუტინი“.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა, ბოიკოტის მომხრეა და მოსახლეობას მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

ვლადიმერ პუტინი კი მარტში დაგეგმილი არჩევნების კანდიდატებს შორის კვლავ ფავორიტად სახელდება.
სობჩაკი აცხადებს, რომ პუტინის დამარცხების იმედი არ აქვს, მაგრამ სურს, რუს ამომრჩევლებს, რომლებიც მეინსტრიმული პოლიტიკოსებისგან დაიღალნენ, ხმის მისაცემად ალტერნატიული არჩევანი შესთავაზოს.