რუსეთის პრეზიდენტმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელობა შეცვალა, ვლადიმერ პუტინმა ახალ ხელმძღვანელად დიმიტრი ბაკანოვი დანიშნა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელობა შეცვალა. როგორც პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაშია აღნიშნული, იური ბოროსოვი სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის ამ პოსტს 2022 წლის 15 ივლისიდან იკავებდა.
ვლადიმერ პუტინმა „როსკოსმოსის“ ახალ ხელმძღვანელად დიმიტრი ბაკანოვი დანიშნა. ბაკანოვი 2022 წლის აპრილიდან ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა, მანამდე კი „რუსეთის ფოსტის“ ლოგისტიკურ კომპანიას ხელმძღვანელობდა. 2012-2019 წლებში ბაკანოვი მართავდა კომპანია „გონეცს“ – „როსკოსმოსის“ კავშირისა და რეტრანსლაციის სისტემების ერთიან ოპერატორს.
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელობის ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, იური ბორისოვის მიმართ პრეტენზიები არ არის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ როტაცია ხორციელდება, რადგან კორპორაციას სჭირდება დინამიკური განვითარება.