რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის აღდგენა სხვადასხვა სფეროში
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის აღდგენა სხვადასხვა სფეროში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განუცხადა.
„პრეზიდენტებმა გაცვალეს მოსაზრებები რუსეთისა და ამერიკის თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივებზე სხვადასხვა დარგში, რომელსაც, ორივე პრეზიდენტის აზრით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, – თქვა უშაკოვმა.
პუტინის თანაშემწის თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ყურადღებით მოუსმინა რუსეთის პრეზიდენტს კიევის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შესახებ.
„მან ყურადღებით მოუსმინა ჩვენს შეფასებებს, და ამ საკითხზე ჩვენმა პრეზიდენტმა საკმაოდ დეტალურად გამოთქვა თავისი მოსაზრება. ვფიქრობ, რომ ტრამპისთვის საკმაოდ სასარგებლო იყო, მოესმინა ჩვენი შეფასებები მომხდარზე“, – თქვა კრემლის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სწორედ კიევის მხრიდან თავდასხმები იყო, სხვა საკითხებთან ერთად, ამ სატელეფონო საუბრის საგანი.
„როგორც ამერიკული, ისე რუსული მხარე სწორედ იმაზე იყო ორიენტირებული, რომ განეხილათ ეს ტერორისტული თავდასხმები“, – განმარტა უშაკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. მისი განცხადებით, პუტინმა სატელეფონო საუბრისას მტკიცედ განაცხადა, რომ აეროდრომებზე განხორციელებულ ბოლოდროინდელ თავდასხმაზე რეაგირება მოუწევს.