რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ვლადიმერ პუტინი კურსკში ერთ-ერთ სამხედრო პუნქტს ეწვია
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკში ერთ-ერთ სამხედრო პუნქტს ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ტელეგრამარხზე ავრცელებს და ამსახველ კადრებსაც აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი პუტინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ხვდება.
ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქი სრულად უნდა გათავისუფლდეს და უნდა იფიქრონ სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე.
გერასიმოვმა კი აღნიშნა, რომ, დღევანდელი მდგომარეობით, რუსული ჯარები აკონტროლებენ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიის 86%-ზე მეტს. გენერალური შტაბის უფროსის თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსულმა ჯარმა კონტროლის ქვეშ აიყვანა 24 დასახლებული პუნქტი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი პირველად ეწვია კურსკს მას შემდეგ, რაც 2024 წლის 6 აგვისტოს უკრაინა კურსკის ოლქში შევიდა.