რუსეთის პირველი არხის გადაცემა „ვრემიას“ დროს სტუდიაში არხის თანამშრომელი გამოჩნდა, პლაკატით „არა ომს“
რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს სტუდიაში არხის ერთ-ერთი თანამშრომელი გამოჩნდა, პლაკატით „არა ომს“. ინციდენტის დროს წამყვანი ეკატერინა ანდრეევა საერთაშორისო სანქციების ზემოქმედების შემსუბუქების გეგმებზე საუბრობდა, რომლებიც რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა გამოაცხადა.
მოულოდნელად წამყვანის ზურგს უკან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოჩნდა. „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“, – ეწერა პლაკატზე. თავად ქალი კი მაყურებელს მიმართავდა: „არა ომს, გააჩერეთ ომი!“.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის პირველი არხი ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევას ატარებს. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, არხის აღნიშნული თანამშრომელი დაკავებულია.
რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი კი სოციალურ ქსელებში წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში საპროტესტო აქციის მონაწილეს მარინა ჰქვია, ის აღნიშნულ არხზე რედაქტორად მუშაობდა.