რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, ჯარში გაწვევა მთელი წლის განმავლობაში ხდება შესაძლებელი
რუსეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ჯარში გაწვევა მთელი წლის განმავლობაში ხდება შესაძლებელი.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა კანონპროექტს მესამე, საბოლოო მოსმენით დაუჭირეს მხარი.
ახალი კანონის თანახმად, სამხედრო კომისარიატებს მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ ჯარში გაწვევის მიზნით სამედიცინო შემოწმების ჩატარება, მოქალაქეთა ფსიქოლოგიური ტესტირება და სხდომების გამართვაც.
ამასთან ერთად, ჯარში გაწვევის უწყებებს მოქალაქეებს წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს გაუგზავნიან, თუმცა სამხედრო სამსახურში მოქალაქეებს ისევ წელიწადში ორჯერ გაგზავნიან – 1-ლი აპრილიდან 15 ივლისამდე და 1-ლი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდებში.
მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში დაემატა შესწორება, რომლის მიხედვითაც, გაწვევის ასაკის მქონე მოქალაქე უნდა გამოცხადდეს სამხედრო კომისარიატში არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ელექტრონული უწყება გამოქვეყნდება სახელმწიფო უწყებების რეესტრში. ამჟამად ელექტრონულ უწყებებს მოქმედების ვადა არ გააჩნიათ.
კანონი რუსეთის მუდმივმოქმედი გაწვევის შესახებ ძალაში შევა 2026 წლის იანვრიდან.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ახალი წესი მიზნად ისახავს „გაწვევის პუნქტებზე დატვირთვის თანაბარ განაწილებას და მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევის ხარისხის ამაღლებას“.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში ეტაპობრივად გამკაცრდა სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები: კერძოდ, შეიქმნა ერთიანი რეესტრი სამხედრო ვალდებულთა შესახებ და ამოქმედდა ელექტრონული უწყებები.