რუსეთის მთავრობას თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების ინციდენტის დეტალების გარკვევა სურს
რუსეთის მთავრობას თბილისის აეროპორტში მომწამვლელი ნივთიერების ინციდენტის დეტალების გარკვევა სურს

რუსეთის მთავრობას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამვლელ ნივთიერებასთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალების გარკვევა სურს.

როგორც სააგენტო „ტასი“ წერს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო უწყება თვალს ადევნებს 2 ივლისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებულ სიტუაციას.

„საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია აქტიურად არის დაკავებული ამ საკითხით. ვაგრძელებთ გამოძიების მიმდინარეობის ყურადღებით დაკვირვებას. ქართული მხარე საქმის კურსში გვამყოფებს, ამიტომ დაველოდოთ შედეგებს“, – აღნიშნა კარასინმა.

რაც შეეხება ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული პირის მოქალაქეობას, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში დაკავებულთან დიპლომატებს შეუშვებენ.

„ამის შემდეგ მისი მოქალაქეობა უფრო ნათელი გახდება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.