რუსეთის მთავრობა „თავდაცვისა და უსაფრთხოების დასაფინანსებლად“ დღგ-ის გაზრდას გეგმავს
რუსეთის მთავრობა „თავდაცვისა და უსაფრთხოების დასაფინანსებლად“ დღგ-ის გაზრდას გეგმავს

რუსეთის მთავრობა „თავდაცვისა და უსაფრთხოების დასაფინანსებლად“ დღგ-ის გაზრდას გეგმავს.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა 2026-2028 წლების ბიუჯეტისა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტები. უწყების მიერ წარდგენილ ინიციატივებს შორის დღგ-ის 20%-დან 22%-მდე გაზრდაა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დღგ-ის 10%-იანი შეღავათები შენარჩუნდება სოციალურად მნიშვნელოვან ყველა საქონელზე.

ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ცვლილებები მიმართულია, პირველ რიგში, თავდაცვისა და უსაფრთხოების დასაფინანსებლად.

დამტკიცების შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის შესწორებები 2026 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს პრესრელიზში ნათქვამია, რომ 2026-2028 წლებში მთავრობა დამატებითი თანხების გამოყოფას გეგმავს ოჯახებისთვის, ჯანდაცვისთვის, შეღავათიანი იპოთეკებისთვის, განათლებისთვის, არმიისა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების მხარდაჭერაზე, ასევე ტექნოლოგიური ლიდერობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფისთვის.

რუსული მედიის ცნობით, დღგ-ის ასეთი გაზრდა ბიუჯეტს წელიწადში დამატებით დაახლოებით ერთ ტრილიონ რუბლს მოუტანს.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური აღნიშნავს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს რუსეთში გადასახადების უკვე მეორე მნიშვნელოვანი ზრდაა.