რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო, დანია სამხედრო ხარჯებს გაზრდის
რუსეთის მხრიდან საფრთხის გამო, დანია სამხედრო ხარჯებს გაზრდის

რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო, დანია სამხედრო ხარჯებს უახლოესი ექვსი წლის განმავლობაში 12,8 მილიარდი კრონით (2,14 მილიარდი დოლარით) გაზრდის. შესაბამისი გადაწყვეტილება დანიის პარლამენტმა მიიღო.

„რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე რეალურია და ის მზარდია, ამიტომ ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმტკიცე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი მზაობა“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლეკე რასმუსენმა.

მთავრობის გეგმის მიხედვით, სამხედრო ბიუჯეტში დამატებითი თანხის ნაწილი კიბერუსაფრთხოებაზე და დანიის საერთაშორისო ოპერაციების დაფინანსებას მოხმარდება. ამას გარდა, დანია სამხედრო ბრიგადის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის შემადგენლობაში ოთხი ათასი ჯარისკაცი შევა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, 2023 წლისთვის დანიის სამხედრო ხარჯები ამჟამინდელზე 20%-ით მეტი იქნება. დანიის 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 22 მილიარდ კრონს (3,7 მილიარდ დოლარს) შეადგენს.