რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავზე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კიევისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ახალი პაკეტი მიიღო.
როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, 24 თებერვალს ის უხელმძღვანელებს უკრაინის მხარდამჭერი ე.წ. მსურველთა კოალიციის სხდომას, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება.
ამასთან, კიევში იმყოფება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი ლონდონში დაგეგმილ უკრაინელთა აქციას შეუერთდება.
„ამ სევდიან წლისთავზე ჩვენი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი მარტივია – დიდი ბრიტანეთი თქვენთანაა ისე მტკიცედ, როგორც არასდროს. სწორედ დღეს ჩვენ ვაცხადებთ ახალი მხარდაჭერის შესახებ და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭიროა“, – განაცხადა სტარმერმა.
დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული მხარდაჭერის პაკეტი მოიცავს 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის, ენერგეტიკული ქსელის დასაცავად და ელექტროენერგიის დამატებითი სიმძლავრეების წარმოებისთვის, ასევე რუსეთის მიერ ზამთარში უკრაინის წინააღდმეგ მიტანილი იერიშების ზიანის აღსადგენად. 5,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოყოფილია ფრონტის ხაზზე მდებარე დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების დასახმარებლად, ასევე იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად. უკრაინაში გაემგზავრებიან მაღალკვალიფიციური ბრიტანელი ექიმები და სამედიცინო პერსონალი, მათ შორის ქირურგები, ფიზიოთერაპევტები, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ უკრაინელ კოლეგებს. ასევე დამატებითი თანხა დაიხარჯება უკრაინელი მფრინავებისთვის ვერტმფრენების პილოტირების შესასწავლად.