რუსეთის მიერ ოდესაზე დრონებით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა, ნანგრევების ქვეშ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს
ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 165 დრონი გაუშვა, იერიშის შედეგად ოდესაში, სულ მცირე, 23 ადამიანი დაშავდა.
როგორც დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, დაშავებულებს შორის არიან ბავშვები და ქალები. ამასთან, იერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღის შენობა. ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
ლისაკის თქმით, სამი ადამიანი, შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყოს მოყოლილი.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის თავდასხმამ ოდესაში მდებარე ელექტროსადგურს „კოლოსალური“ ზიანი მიაყენა. ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პარტნიორებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„დრონებით სასტიკი თავდასხმა ოდესაზე. რუსებმა ქალაქს 50-ზე მეტი დრონით შეუტიეს, რომელთა ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. საერთო ჯამში, რუსეთმა ღამით უკრაინის წინააღმდეგ 165 მოიერიშე დრონი გაუშვა, რომელთაგან დაახლოებით 100 „შაჰედის“ ტიპის იყო. ყოველი ასეთი რუსული დარტყმა ანგრევს დიპლომატიას, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ძირს უთხრის იმ პარტნიორების ძალისხმევას, რომლებიც ამ ომის დასრულებაში გვეხმარებიან. ჩვენ ველოდებით, რომ შეერთებული შტატები, ევროპა და სხვა პარტნიორები არ გაჩუმდებიან და გაიხსენებენ, რომ რეალური მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ზეწოლა სწორედ მოსკოვზე – სანქციები, რუსული ოპერაციების და რუსეთის ტანკერების ფლოტის მთელი ინფრასტრუქტურის ბლოკირება. აგრესორზე ზეწოლის გარეშე ომები არ სრულდება, ისევე როგორც ისინი არ სრულდება სიცოცხლის დამცველთა მხარდაჭერის გარეშე. საჭიროა ჩვენი ხალხისა და ჩვენი მეომრების სტაბილური მხარდაჭერა და შეთანხმებების უფრო სწრაფი განხორციელება“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
A brutal drone attack on Odesa. The Russians launched more than 50 drones at the city, with energy infrastructure and civilian facilities as the primary target. Five residential buildings were damaged as a result of this strike, with significant destruction to apartments and… pic.twitter.com/lorBXNRg0x
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 27, 2026