რუსეთის მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია
კიევში რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა დაღუპული მამაკაცი ნანგრევებში აღმოაჩინეს.
მაშველები ასევე იუწყებიან, რომ უკრაინის დედაქალაქში სულ 26 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია.
თავდასხმის შედეგების აღმოფხვრა კვლავ გრძელდება, მათ შორის ხანძრის ჩაქრობა და ნანგრევების გასუფთავება. ადგილზე მუშაობენ კინოლოგები, 512 მაშველი, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის 135 ერთეული ტექნიკა, მათ შორის სახანძრო რობოტი, პოლიცია, უკრაინის წითელი ჯვრის მოხალისეები და სხვა საქალაქო სამსახურები.
რუსეთმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელა 500-ზე მეტი უპოლიტო აპარატის და 10-ზე მეტი რაკეტის გამოყენებით.
ძირითადი სამიზნე კიევი და კიევის ოლქი იყო.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ არ აპირებს ომისა და ტერორის დასრულებას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ომს უკრაინასთან, რადგან ვერ ახერხებს თავისი მიზნების დიპლომატიური გზებით მიღწევას.