რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა
რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვას სამი ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, ქალაქში აფეთქებების სერია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმა რაკეტებით, უპილოტო აპარატებით და მართვადი ავიაბომბებით განხორციელდა. თავდასხმის ობიექტი გახდა საცხოვრებელი კორპუსი ხარკოვის ცენტრალურ ნაწილში.
ტერეხოვის თქმით, ხარკოვზე მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში ყველაზე ძლიერი შეტევა განხორციელდა. საათ-ნახევრის განმავლობაში ქალაქში, სულ მცირე, 40 აფეთქება მოხდა. დილის მონაცემებით, ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 18 საცხოვრებელი კორპუსი და 13 კერძო მეურნეობა.