რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი პირი, დაშავებულია ოთხი ადამიანი
რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი პირი, დაშავებულია ოთხი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი აცხადებს, იერიშის შედეგად დაღუპული 12 წლის გოგონაა, დაშავებულთა შორის ასევე არის 6 წლის ბავშვი.
უკრაინის სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, რუსეთმა დრონით დარტყმა საცხოვრებელ სახლზე მიიტანა.
„ნანგრევებში ბავშვები აღმოჩნდნენ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დამოუკიდებლად ამოიყვანეს ერთი ბავშვი, თუმცა 2012 წელს დაბადებული გოგონა, სამწუხაროდ, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა“, – განაცხადეს უწყებაში.
ამასთან, რუსეთის დრონების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში დაშავდა ერთი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი ცნობით, ხანძარი გაჩნდა დასასვენებელი ბაზის სამსართულიან შენობაში.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 100 დრონი გაუშვა. აქედან 37 უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 47-მა კი სამიზნეს ვერ მიაღწია და დაიკარგა.
საოკუპაციო ძალების იერიშის შედეგად დაზარალდა დნეპროპეტროვსკის, კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქები.