რუსეთის გენშტაბი - უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია, შესაძლებელია ძალისხმევის ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე
რუსეთის გენშტაბი - უკრაინაში სპეცოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია, შესაძლებელია ძალისხმევის ფოკუსირება დონბასის გათავისუფლებაზე

რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, სერგეი რუდსკოის განცხადებით, „სპეცოპერაციის“ პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი საგრძნობლად შემცირდა, რაც საშუალებას იძლევა, ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირება მთავარი მიზნის მიღწევაზე – დონბასის გათავისუფლებაზე მოხდეს“, – განაცხადა რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ.

სერგეი რუდსკოის თქმით, „რვა წლის განმავლობაში უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში მომზადებული იყო სიღრმისეული, საინჟინრო თვალსაზრისით კარგად გამაგრებული თავდაცვის ზონა, რომელიც წარმოადგენს მონოლითური გრძელვადიანი ბეტონის კონსტრუქციების სისტემას“.

რუსეთის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით შეტევით ოპერაციებს წინ უძღვის ძლიერი საცეცხლე შეტევა მოწინააღმდეგის მთავარ პუნქტებზე და რეზერვებზე.

ამასთან, რუსეთის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს 1 351 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 3 825 კი დაშავდა.