რუსეთის განცხადებას პოლონური ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შესახებ ვარშავაში „პროვოკაცია“ უწოდეს

14:53, 15.11.2026
კალინინგრადის ექსკლავის მახლობლად, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე, სოფელ გჟიბინასთან დადგმული გზის მაჩვენებელი დაფა, რომელზეც ვილნიუსამდე, ვარშავამდე, მოსკოვსა და კალინინგრადამდე მანძილებია მითითებული

კალინინგრადის ექსკლავის მახლობლად, პოლონეთ-ლიეტუვის საზღვარზე, სოფელ გჟიბინასთან დადგმული გზის მაჩვენებელი დაფა, რომელზეც ვილნიუსამდე, ვარშავამდე, მოსკოვსა და კალინინგრადამდე მანძილებია მითითებული

რუსეთის მიერ კალინინგრადში პოლონური ჯაშუშური ქსელის სავარაუდო გამოვლენის შესახებ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას, ხელოვნურად წარმოაჩინოს საკუთარი კონტრდაზვერვის სამსახურის წარმატებები, რომელთა ნაკლებობასაც იგი განიცდის – ასე გამოეხმაურა რუსეთის ბრალდებას ვარშავა, სადაც მოსკოვის განცხადება „დეზინფორმაციად“ შეფასდა.

ოთხშაბათს, პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქვეყნის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ФСБ) ბალტიისპირა ექსკლავში პოლონური სადაზვერვო ქსელი გაანადგურა.

საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურეებისა და კალინინგრადის ოლქში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ბრალდებით, პოლონეთის 2 მოქალაქე დააკავეს, ხოლო პოლონეთის კიდევ 7 და რუსეთის 3 მოქალაქე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესაძლო დაკისრების შესახებ ოფიციალურად გააფრთხილეს.

ადგილობრივი რუსული გამოცემების ცნობით, აღნიშნული საქმე ახალი არ არის. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, ქალაქ ბრანევოს (პოლონეთი) 40 წლის მკვიდრი, ჯერ კიდევ ივლისში დააკავეს, ხოლო მეორე პირისთვის წაყენებული ბრალდებები 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდზე მოდის.

პოლონეთის სპეცსამსახურების კოორდინატორი მინისტრის პრესსპიკერმა, იაცეკ დობჟინსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ მასალებზე კომენტარს არ აკეთებს და პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეს, ამ „კიდევ ერთი პროვოკაციისა და დეზინფორმაციისთვის ყურადღების მიქცევას არ აპირებს“.

„აღმოსავლეთ ფლანგის ინსტიტუტის“ (Eastern Flank Institute) ანალიტიკოსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მაციეი კოროვაიმ პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (PAP) განუცხადა, რომ მოსკოვის განცხადება პოლონეთის კონტრდაზვერვის მიღწევებზე რუსეთის საპასუხო რეაქციაა.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს საკმაოდ ბევრი წარმატება, რუსებს კი ისინი აკლია. ამიტომ უწევთ მათი ხელოვნურად წარმოჩენა“, – აღნიშნა მან.

კოროვაი ხაზგასმით ამბობს, რომ სადაზვერვო უწყებები მსგავს მისიებზე საზღვარგარეთ საკუთარ მოქალაქეებს იშვიათად გზავნიან, რადგან მათი გაშიფვრა მარტივია, და უპირატესობას ადგილობრივების გადაბირებას ანიჭებენ. მისი თქმით, მოსკოვი, შესაძლოა, საკუთარ სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სამსახურებში მიმდინარე საკადრო ცვლილებების გამოც განიცდიდეს ზეწოლას.

„პოლონური წარმოშობის რეალური აგენტების არარსებობის გამო, მათ, სავარაუდოდ, ჯაშუშური საქმის „შეკერვა“ მოუწიათ“, – განაცხადა ანალიტიკოსმა. მისი ვარაუდით, პოლონეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარს რეგულარულად კვეთენ, შესაძლოა, ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისკენ წააქეზეს, რომელიც შემდეგ ჯაშუშურ ისტორიად აქციეს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბოლოდროინდელ ამბებზე, მათ შორის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) მიერ 3 ნოემბერს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უკრაინის 2 მოქალაქის დაკავებაზე. სპეცსამსახურების კოორდინატორმა, ტომაშ სიემონიაკმა სამშაბათს განაცხადა, რომ დაკავებულები კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ობიექტების ფოტოგადაღებას აწარმოებდნენ.

კოროვაის თქმით, მაისში გამოქვეყნებულმა ABW-ის ანგარიშმა აჩვენა, რომ პოლონეთის კონტრდაზვერვა დაკვირვების რეჟიმიდან შეტევით ოპერაციებზე გადავიდა.

„აგენტურული ქსელისა და მისი საკომუნიკაციო არხების განადგურება რუსული დაზვერვისთვის დამანგრეველი უნდა ყოფილიყო, რადგან მას ჩვენს ტერიტორიაზე მთელი სადაზვერვო მექანიზმის ხელახლა აწყობა უწევს“, – განაცხადა მან.

2024–2025 წლების პერიოდის მომცველ ანგარიშში დაფიქსირებულია რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის სპეცსამსახურების გაზრდილი აქტივობა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, პოლონეთში ჯაშუშობის საქმეებზე ეჭვმიტანილად არის ცნობილი 91 პირი, 62 კი დაკავებულია.

კოროვაის განმარტებით, კრემლის ნარატივი ასევე მიზნად ისახავს პოლონური სპეცსამსახურების არაპროფესიონალებად წარმოჩენას, თითქოს მათ რუსების გადაბირება არ შეუძლიათ და იძულებულნი არიან, საზღვარგარეთ საკუთარი მოქალაქეები გაგზავნონ. „ეს მრავალდონიანი თამაშია“, – დასძინა მან.

ანალიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონელი ჯაშუშები ხელოვნურად ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმაც (КГБ) „შექმნა“ და მაგალითად მოიყვანა გასული წლის სექტემბერში გავრცელებული ცნობა პოლონეთის მოქალაქეების, მათ შორის ჯაშუშობაში ბრალდებული კრაკოველი კარმელიტი ბერის დაკავების შესახებ. ვარშავამ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მაშინ ეს ფაქტი პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავრობის პროვოკაციად შეაფასეს.

სტატიის ავტორი: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი (Polska Agencja Prasowa)

ფოტოს ავტორი: სერგეი გაპონი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“

წყარო: პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი, 2026 წელი, 10:00 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი