რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში 700-ზე მეტი ფილმი უნდა დაბრუნდეს
რუსეთის ფილმსაცავიდან საქართველოში 700-ზე მეტი ფილმი უნდა დაბრუნდეს

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაოდ ბიუჯეტიდან წელს მეტი თანხა გამოიყოფა.

„ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნება ისტორიული პროცესია. წარუმატებელი მცდელობების 25-წლიანი ეპოპეა დასრულდა. ეს ისტორიული მოვლენაა – დღეისთვის უკვე 15 ფილმი არის დაბრუნებული. ბუნებრივია, ეს ის ტემპი არ არის, რომელზეც გვინდა, გავიდეთ, რადგან 700-ზე მეტი ფილმი არის „გოსფილმოფონდში“ დაცული და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ზრდის გარდა, კერძო სექტორის საკმაოდ აქტიური ჩართულობაა მნიშვნელოვანი. რათა მეტი ფილმი წამოვიღოთ წლის განმავლობაში“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ქართულ კინემატოგრაფს, რუსეთის ფილმსაცავში დაცული 11 ქართული ფილმის ასლი შეემატა. პირველ ეტაპზე, 2016 წლის 17 ნოემბერს კი საქართველოში 4 ქართული ფილმი დაბრუნდა.

დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კინოფონდიდან – „გოსფილმოფონდი“, 1921 წლიდან 1991 წლამდე გადაღებული და ფონდის არქივში დაცული ქართული ფილმების სამშობლოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, 2014 წლის 30 სექტემბერს მოეწერა ხელი.