რუსეთის ფედერაციის საბჭომ დეზინფორმაციის გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონები დაამტკიცა
რუსეთის ფედერაციის საბჭომ დეზინფორმაციის გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონები დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დეზინფორმაციის გავრცელებისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფის შესახებ კანონები დაამტკიცა. ორივე კანონის ძალაში შესასვლელად ახლა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ხელმოწერაა საჭირო.

საკანონმდებლო ცვლილებები შესაბამისი კანონდარღვევისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.

ყალბი ამბების გავრცელების შესახებ კანონის დარღვევა 30 ათასიდან 1,5 მილიონ რუბლამდე (400-დან 20 ათას ევრომდე) ჯარიმას ითვალისწინებს.

ონლაინ-მედიასაშუალებები ყალბი ამბების გავრცელების შემთხვევაში ჯერ წინასწარ გაფრთხილებას მიიღებენ, რის შემდეგაც მათ ცრუ ინფორმაციის წასაშლელად 24-საათიანი ვადა ექნებათ. კანონი არ ვრცელდება ტრადიციულ მედიასაშუალებებზე.

საზოგადოებისა და სახელმწიფოს შესახებ შეურაცხმყოფელი პუბლიკაციების შესახებ კანონის თანახმად, დაიბლოკება ის ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს მიმართ აშკარა უპატივცემულობას გამოხატავს და ადამიანის ღირსებასა და საზოგადოებრივ ზნეობას შეურაცხყოფს.

რუსეთის მთავრობის ოპონენტები შიშობენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ორივე კანონს მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელების დასაბლოკად გამოიყენებს.