რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მოსკოვი თავად დაასრულებს
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მოსკოვი თავად დაასრულებს.
ალექსანდრ ნოვაკის განმარტებით, პროექტის გაგრძელებისთვის საჭირო რესურსების მოძიებას სულ რამდენიმე თვე დასჭირდება, 2020 წლისთვის კი, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად „ჩრდლოეთის ნაკადი 2“ ამოქმედდება.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავასრულოთ სამუშაოები საკუთარი ფონდებით. ეს დამატებით საორგანიზაციო სამუშაოს მოითხოვს. ვფიქრობ, ამას სულ რამდენიმე თვე დასჭირდება“,- განაცხადა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროექტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აკრძალვები შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში მონაწილეობას იღებენ. სანქციების დაწესების შემდეგ შვეიცარიულმა კომპანიამ პროექტთან დაკავშირებული სამუშაოები შეწყვიტა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შიშობს, რომ რუსული გაზსადენით ევროპა რუსეთზე დამოკიდებული გახდება. როგორც ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, კომპანია „გაზპრომის“ კუთვნილმა გაზსადენმა შესაძლოა, ევროპა „რუსეთის ტყვედ“ აქციოს.
აშშ-ის მხრიდან გაზსადენზე სანქციების დაწესებას რუსეთი და ევროპა ეწინააღმდეგებიან. გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ პროექტის წინააღმდეგ ექსტრატერიტორიული სანქციების წინააღმდეგია.