რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უკრაინის ეკლესიის საკითხი განიხილა
რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან უკრაინის ეკლესიის საკითხი განიხილა

უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი). შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში შედგა. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციის მიხედვით, მხარეებმა ეკლესიათა შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

მეუფე ილარიონმა შეშფოთება გამოხატა უკრაინის პრობლემის გამო და საქართველოს ეკლესიას გადმოსცა საბუთები, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ეკლესიის პოზიცია.

„მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ გაეცნობიან და შეისწავლიან როგორც მსოფლიო საპატრიარქოს, ისე რუსეთის ეკლესიის მიერ წარმოდგენილ მასალებს და წმინდა სინოდის სხდომაზე იმსჯელებენ მათ შესახებ“,-ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

რუსეთის დელეგაცია საქართველოში ერთი დღით იმყოფებოდა. მათ რუსეთიდან საქართველოში წმინდა აღმსარებელ თამარის (მარჯანიშვილი) წმინდა ნაწილები ჩამოიტანეს.