რუსეთის ძალებმა ქალაქ სუმიზე იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი პირი
რუსეთის ძალებმა ქალაქ სუმიზე იერიში მიიტანეს, დაღუპულია ერთი პირი

რუსეთის ძალებმა ქალაქ სუმის ცენტრი დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, არიან დაშავებულები და ერთი დაღუპული.

სუმის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, საოკუპაციო ძალების დარტყმა სუმის ცენტრში, მანქანებზე განხორციელდა. მთლიანად დაიწვა ორი ავტომობილი. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ვრცელდება ცნობები, სულ მცირე, სამი დაშავებულის შესახებ.

ამასთან, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 ივნისის ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 112 დრონი გაუშვა, საიდანაც 75 საჰაერო თავდაცვამ გააუვნებელყო. დრონებით დარტყმები განხორციელდა 11 ადგილას.