რუსეთის ძალებმა პოლტავისა და მირგოროდის რაიონებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს
რუსეთის ძალებმა პოლტავისა და მირგოროდის რაიონებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსეთის მიერ თავდასხმის შედეგად პოლტავის რაიონში, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პოლტავის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, დიმიტრი ლუნინმა განაცხადა.

„პოლტავის რეგიონში სამრეწველო ობიექტზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა, ორი კი დაკარგულად ითვლება“, – განაცხადა ლუნინმა.

მისივე თქმით, ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა სარაკეტო შეტევა განახორციელა მირგოროდის რაიონის სოფელ გოგოლევოზეც, სადაც აფეთქების შედეგად ნავთობის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

„აფეთქების შედეგად ნავთობის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა ორი და დაშავდა ხუთი ადამიანი. ეს ხალხი ქარხანაში ღამის ცვლაში მუშაობდა“, – აღნიშნა ერმაკმა.