რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ
რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პლენარული სხდომის დროს ისაუბრა რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა დატოვეს.

ვოლოდინი გამოვიდა ინიციატივით, რომ მათ მიერ საზღვარზე დატოვებული მანქანები სამხედრო სამსახურში გაწვეული პირების ოჯახებს გადასცენ.

დუმის სპიკერის თქმით, რუსეთში ადგენენ იმ მოქალაქეთა სიებს, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ.

„ჩვენთან ადგენენ ყველა იმ პირის სიას, რომლებიც სასაზღვრო გასასვლელებში დგანან. თქვენ ფიქრობთ, ისინი გადიან და ვერავინ ხედავს, ვინ გავიდა? ახლა უკვე მანქანებსაც ტოვებენ. უნდა ვიფიქროთ, ვის გადავცეთ ეს მანქანები. იქნებ, იმ ბიჭების ოჯახებს, ვინც საომრად წავიდა – ეს სწორი იქნება“, – განაცხადა რუსეთის დუმის სპიკერმა.

დუმის სხდომაზე ვოლოდინმა ასევე ისაუბრა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შესვლისას ავალდებულებენ, რუსეთი აღიარონ საოკუპაციო რეჟიმად.

„აი, ახლახან ნიკოლაი კოლომეიცევმა გადმომცა დოკუმენტი, რომლის ხელმოწერასაც სთხოვენ მათ, ვინც რუსეთ-საქართველოს საზღვარს კვეთს – განცხადება საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმად ცნობის შესახებ. თუ ეს ასეა და ჩვენი მოქალაქეები ამ დოკუმენტს ხელს აწერენ, სრულიად აშკარაა, რომ ეს არის დანაშაული. უნდა გავერკვიოთ ამაში, რადგან პირველი პუნქტის მიხედვით, ხელმომწერი აღიარებს, რომ მისი ქვეყანა არის აგრესორი. ეს უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. მეორე პუნქტი აღიარებს, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია. მესამეში აღიარებულია, რომ სეპარატიზმის ხელშეწყობის დროს ჩადენილი იყო ეთნიკური წმენდა. მეოთხე გმობს რუსეთის ყველა სამხედრო მოქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნების წინააღმდეგ და ა.შ. რა არის ეს? იქნებ, ვინც გაიქცა და ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, კარგია, რომ წავიდნენ? მათ არ უნდა დავეყრდნოთ, მათ უკვე გვიღალატეს, თუმცა ჩვენ უნდა ვუთხრათ მათ, რომ ჩაიდინეს მრავალი დანაშაული თავიანთი ქვეყნისა და ერის წინაშე. უკან დაბრუნებას თუ დააპირებენ, დაისჯებიან. მოდით, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საქმეთა კომიტეტებს დავავალოთ, გაერკვიონ ამაში. თუ ეს ასეა, უნდა ჩამოვაყალიბოთ პოზიცია და მივმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ხელმომწერებს ელოდებათ „თბილი“ მიღება“, – განაცხადა ვოლოდინმა.