რუსეთის დუმაში მედიასაშუალებების „უცხო ქვეყნის აგენტებად“ აღიარების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს
რუსეთის დუმაში მედიასაშუალებების „უცხო ქვეყნის აგენტებად“ აღიარების შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მედიასაშუალებების „უცხო ქვეყნის აგენტებად“ აღიარების შესახებ კანონს მხარი დაუჭირა. ამ სტატუსს მედიაკომპანიას იმ შემთხვევაში მიანიჭებენ, თუ ის უცხოეთიდან ფინანსდება. საკანონმდებლო ინიციატივას მხარი რუსმა დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს.
კანონში განმარტებულია, რომ „მედიაშუალებას „უცხო ქვეყნის აგენტად“ დარეგისტრირება იმ შემთხვევაში მოუხდება, თუ კომპანია იღებს ფულად სახსრებს ან სხვა ქონებას უცხო ქვეყნებიდან, ამ სახელმწიფოს ორგანოებისგან, საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციებისაგან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან ან მოქალაქეობის არ მქონე პირებისგან და მათი ოფიციალური წარმომადგენლებისგან“ – აღნიშნულია კანონში.
მანამდე, რუსეთში „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს უწევდათ.
კანონში ცვლილებები და მისი მედიასაშუალებებაზე გავრცელება რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აშშ-ის ხელისუფლებამ „უცხო ქვეყნის აგენტად“ რეგისტრაცია რუსულ ტელეკომპანია Russia Today-ს მოსთხოვა. 13 ნოემბერს ტელეარხი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნას დაემორჩილა.