რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დატოვებით იმუქრება
რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დატოვებით იმუქრება

რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას დატოვებს, თუ მისი უფლებამოსილება შეიზღუდება. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრეს და აღნიშნული საკითხი განსახილველად მონიტორინგის კომიტეტს გადაუგზავნეს.

„ვიმედოვნებ, რომ საღად მოაზროვნე უმრავლესობა ასეთ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ხოლო თუ მიიღებს, ჩვენ წავალთ“, – განაცხადა ტოლსტოიმ.

თავის მხრივ, დელეგაციის კიდევ ერთი წევრი, სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილების რამე სახის შეზღუდვას არ დათანხმდება და არ მიიღებს.

„ველით, რომ ასამბლეის კონსტრუქციულად განწყობილი უმრავლესობა არ დაუშვებს მოსკოვისა და სტრასბურგის ურთიერთობებში კრიზისის გამეორებას და რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების სრულ რატიფიცირებას მოახდენს. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ მხოლოდ თანაბარუფლებიანობის საფუძველზე და არ მოვითმენთ განმეორებით სანქციებს“, – განაცხადა სლუცკიმ.

როგორც მან აღნიშნა, წინასწარ პროგნოზირებადი იყო, რომ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსოფობიურად განწყობილი დელეგატები გაასაჩივრებდნენ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაასაჩივრეს ლიეტუველმა ემანუელის ზინგერისმა და ლატვიელმა მარია გოლუბევამ. ამ მოთხოვნას საქართველოს დელეგაციაც შეუერთდა.

სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები აირჩიეს. თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი. დეპუტატებმა მხოლოდ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის, პიოტრ ტოლსტოის კანდიდატურა გააპროტესტეს. კერძოდ, უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა, მარია მეზენცევამ ტოლსტოის კანდიდატურა სიძულვილის ენის გამოყენებისა და ანტისემიტური განცხადებების გამო გააკრიტიკა. ტოლსტოის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნასთან დაკავშირებით ასამბლეაში მოგვიანებით ფარული კენჭისყრა გაიმართება. დანარჩენი კანდიდატურები კი, დაამტკიცეს.