რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სამი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა
რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სამი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა

რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სამი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა. მათ შორისაა საქართველოსა და უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული რეზოლუცია, აგრეთვე რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის ანგარიში.

რუსულმა დელეგაციამ მოითხოვა უკანასკნელი ორი დოკუმენტი საერთოდ ამოეღოთ კენჭისყრიდან. ამის მიზეზად დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ ის ფაქტი დაასახელა, რომ რეზოლუციის ინიციატორები სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც ეჭვქვეშ აყენებდა მათი ხელმოწერების ავთენტურობას დღევანდელ დოკუმენტზე. საბოლოოდ OSCEPA-ს ხელმძღვანელმა, გიგი წერეთლმა, ექსპერტებთან და მრჩევლებთან მოლაპარაკებების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის მიერ დაყენებული მოთხოვნის კენჭისყრის თაობაზე.

ასამბლეის სრული უმრავლესობა რუსეთის მოთხოვნის წინააღმდეგ წავიდა, შესაბამისად ყირიმისა და სევასტოპოლის, აგრეთვე რუსეთში არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მხარდაჭერილ იქნა, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავისთვის მიძღვნილი დოკუმენტი.

„რუსეთი ფედერაცია ამ რეზოლუციის წინააღმდეგია, ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის ყირიმისა და რუსული ქალაქი, სევასტოპოლის შესახებ რეზოლუციას. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში დაირღვა რეგლამენტი. მინდა შევახსენოთ პრეზიდიუმს, რომ დემოკრატიული ღირებულებები, რისი სახელითაც თავად საუბრობთ, ეს პირველ რიგში არის პროცედურა და იგი უნდა იყოს შესრულებული. იმ დეპუტატების არყოფნა, ვინც ამ რეზოლუციებს ხელს აწერდნენ და ბრალდებებს გამოთქვამენ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ, არის ამ ასამბლეის რეგლამენტის დარღვევა. არასწორია, რომ ჩვენ ყველა აქ ვიმყოფებოდეთ, კონკრეტული დეპუტატები კი ამ დროს ურეკავდნენ ბატონ წერეთელს და ტელეფონით ამცნობდნენ, რომ სხდომას ვერ დაესწრებოდნენ. არსებობს რეგლამენტი, რის მიხედვითაც წერეთელს ამის შესახებ შესაბამისი ფორმით, წერილობით უნდა ეცნობოს და არა ტელეფონის საშუალებით. ამიტომაც რუსეთის დელეგაცია კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით შემაჯამებელ რეზოლუციაში უკრაინისა და ქალბატონი ზეგერფელდისა მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის მოხვედრას“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ.

რუსეთის მიმართ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე დღეს კრიტიკა არაერთხელ გაჟღერდა, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიასთან და დიდ ბრიტანეთში მომხდარ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ რუსულმა დელეგაციამ სხდომათა დარბაზი რამდენჯერმე დატოვა, მათ შორის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე.