რუსეთის არმიის მიერ ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა

15:48, 29.07.2025

რუსეთის არმიის მიერ ხარკოვისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

უკრაინული მედიის თანახმად, ხარკოვის რეგიონში დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

გავრცელებული ცნობით, რუსულმა ჯარებმა დარტყმა განახორციელეს, სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემიდან იზიუმის რაიონის სოფელ ნოვოპლატონოვკაზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განმარტა, რომ ხალხი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად შეიკრიბა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები განახორციელეს.

გარდა ამისა, დღეს რუსეთმა დაბომბა სოფელი პესკი-რადკოვსკიე. ხანძარი გაჩნდა მაღაზიასა და კერძო სახლში. პარალელურად, უკრაინული მედია წერს, რომ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კამენსკოეში, ადგილობრივი საავადმყოფოს სამშობიარო და თერაპიულ განყოფილებებზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 23 წლის ორსული ქალი. კიდევ ორ სამედიცინო დაწესებულებაში ჩაიმსხვრა ფანჯრები, დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღი. დაბომბვის შედეგად თითქმის 50 სახლი დაზიანდა.

მსგავსი