რუსეთი უახლოეს მომავალში უკრაინიდან დიპლომატიური პერსონალის ევაკუაციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, რუსი დიპლომატები არაერთხელ გახდნენ აგრესიის სამიზნე და კიევში თავს დაესხნენ დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას, ასევე გენერალურ საკონსულოებს ოდესაში, ლვოვსა და ხარკოვში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კიევში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის წინააღმდეგ რეგულარულად ეწყობოდა პროვოკაციები, რაც ზიანს აყენებდა მისი ხელმძღვანელის ჯანმრთელობას და ცენტრის ქონებას.
„დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების საპირისპიროდ, კიევის ხელისუფლება არ რეაგირებდა იმაზე, რაც ხდებოდა. შექმნილ ვითარებაში ჩვენი უპირველესი ამოცანაა, ვიზრუნოთ რუს დიპლომატებზე და საელჩოსა და გენერალური საკონსულოების თანამშრომლებზე. მათი სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად, რუსეთის ხელმძღვანელობამ უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების პერსონალის ევაკუაცია გადაწყვიტა, რაც უახლოეს მომავალში განხორციელდება“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.