რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის
რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას უგზავნის

შეიარაღების შესყიდვაზე ტენდერის ჩაშლის გამო, რუსეთი სომხეთს საპროტესტო ნოტას გაუგზავნის.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე სომხეთის თავდაცვის მინისტრ დავიდ ტონოიანს მიმართავს, დაარეგულიროს არსებული ვითარება, რომელშიც რუსული კომპანია „ორსისი“ მონაწილეობს.

საპროტესტო ნოტა უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია და სომხურ მხარეს დიპლომატიური არხებით უახლოეს მომავალში გადაეგზავნება. ნოტაში აღნიშნულია, რომ რუსული კომპანიის განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე უმიზეზოდ იქნა უარყოფილი.

რუსეთში ასევე საუბრობენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ბანკისთვის მიმართვის უკანონობაზე, რომელიც ტენდერში მონაწილეობისთვის საბანკო გარანტიების გადასახადს ითხოვდა. ტენდერი რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების შესყიდვას ითვალისწინებდა. ტენდერის ჩაშლასთან დაკავშირებით, სომხეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

დატოვე კომენტარი