რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია
რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია

რუსეთი მოუწოდებს თურქეთს, გამოიჩინოს თავშეკავება სირიაში და არ დაუშვას დაძაბულობის ესკალაცია. ამის შესახებ სირიაში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ლავრენტიევმა განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ ჩვენს თურქ კოლეგებს გარკვეული თავშეკავებისკენ, რათა არ იყოს დაშვებული დაძაბულობის ესკალაცია არა მხოლოდ სირიის ჩრდილოეთით, არამედ მთელ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლავრენტიევმა.

რუსეთის ელჩის თქმით, რუსეთმა ბოლო თვეებში ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო, რათა თურქეთის მიერ სირიაში ფართომასშტაბიანი შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ დაეშვა.

„რუსეთის ფედერაციამ ამის გაკეთება შეძლო და ჩვენ ვიმედოვნებთ, შევძლებთ, დავარწმუნოთ ჩვენი თურქი პარტნიორები, თავი შეიკავონ სირიის ტერიტორიაზე ძალის გადამეტებული გამოყენებისგან“, – განაცხადა ელჩმა.

კვირას თურქეთის ავიაციამ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში დარტყმები განახორციელა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმები სტამბოლში მომხდარი ტერაქტის საპასუხოდ განახორციელა.