რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს
რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს

რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. როგორც ვარაუდობენ, სხდომაზე უნდა განიხილონ „აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე“. ეს ინფორმაცია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ გაავრცელა.

მანამდე რუსეთში განაცხადეს, რომ უკრაინაში თითქოსდა არსებობს ბიოლაბორატორიების ქსელი, რომელიც პენტაგონთან ერთად მუშაობს. მოსკოვში იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ამ ლაბორატორიებიდან გამოჰყვათ ვირუსები, როლებსაც გადამფრენი ფრინველები და ღამურები ავრცელებენ. უკრაინაში ამ განცხადებას „ფანტაზიის ნაყოფი“ უწოდეს.

გაერო-ში განაცხადეს, რომ უკრაინაში წარმოებული მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ აშშ-ს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის წარმოებისთვის საჭირო ლაბორატორიები არ გააჩნია.

პენტაგონში ვარაუდობენ, რომ რუსეთის განცხადებები ბიოლოგიური იარაღის შესახებ, შეიძლება იყოს სამზადისი „უფრო აგრესიული ქმედებებისთვის“.

„პოტენციურად ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთს შეუძლია, მოაწყოს პროვოკაცია, რათა შემდეგ უკრაინა ან აშშ დაადანაშაულოს“, – განაცხადეს პენტაგონში.