რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, თუ ნატო კალინინგრადის ოლქის იზოლირებას მოახდენს
რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებული ძალების ერთობლივი წვრთნების დროს, რომელიც „სამოკავშირეო სახელმწიფოს“ სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების ფარგლებში, ქალაქ ბარანოვიჩთან (ბელარუსი) მდებარე პოლიგონ „ობუზ-ლესნოვსკიზე“ ჩატარდა, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „გრადი“ პირობითი მოწინააღმდეგის სამიზნეებს ცეცხლს უშენს. კადრი აღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის 17 თებერვალს გადაღებული და გავრცელებული ვიდეოდან
რუსეთის საელჩომ ირლანდიაში ნატო კალინინგრადის ოლქის იზოლირების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, რუსეთი მზად არის, გამოიყენოს ნებისმიერი სახის იარაღი, მათ შორის – ბირთვული.
ამის შესახებ რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაშია საუბარი.
საელჩო მიიჩნევს, რომ სამხედრო კონფლიქტის ესკალაციაში რუსეთის დადანაშაულებით, ევროპა თავდაცვის ხარჯების ზრდას და კიევისთვის სამხედრო და პოლიტიკური დახმარების გაფართოებას „ამართლებს“.
„ევროპული ქვეყნების მოქმედ მთავრობებს სურთ, ყველამ დაიჯეროს, რომ ისინი რუსეთის მტრული დამოკიდებულების სავარაუდო მსხვერპლნი ან გარდაუვალი „რუსული შეჭრის“ სამიზნეები არიან. ასეთი განცხადებების გაკეთების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ევროპის უსაფრთხოებაზე მოსკოვის პოზიცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო და ის პრეზიდენტმა პუტინმა 25 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაადასტურა, როდესაც აღნიშნა: „ჩვენ არც გეგმები გვაქვს, არც მიზეზები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც რეალური მოტივები, რომ ევროპასთან ურთიერთობებში დაძაბულობის ესკალაცია მოვახდინოთ“, – ნათქვამია ირლანდიაში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
საელჩო ასევე აღნიშნავს, რომ ეს „რუსეთის მხრიდან თავშეკავებულობისა და მოთმინების ნიშნად უნდა იქნეს აღქმული, დასავლეთის მხრიდან მისი ეროვნული უსაფრთხოებისთვის შექმნილი რეალური საფრთხის მასშტაბის გათვალისწინებით“.
რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ ნატო და ევროკავშირი რუსეთის დასავლეთ საზღვართან სამხედრო აქტივობის გაზრდაშიც დაადანაშაულა.
„მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, 2026 წლის ივნისიდან სექტემბრამდე, პოლონეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში, ნორვეგიასა და ფინეთში, ასევე ბალტიის ზღვაში თითქმის უწყვეტად მიმდინარეობდა ნატოს სამხედრო წვრთნები იმ სცენარებით, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული“, – აცხადებს რუსეთის საელჩო.
დიპლომატიური უწყება ასევე ხაზგასმით ამბობს, რომ ფინეთი და ბალტიის ქვეყნები, „გარდა იმისა, რომ ნატოს წევრები არიან და ალიანსის ბირთვულ დაგეგმარებაში მონაწილეობენ, ამასთან ერთად, ან უკვე შეუერთდნენ, ან გეგმავენ შეუერთდნენ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივას, რომელიც რუსეთის საზღვრებთან ახლოს ფრანგული ბირთვული იარაღის განთავსებას ითვალისწინებს“.
საელჩოს განცხადების თანახმად, ლიეტუვის, პოლონეთისა და საფრანგეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით Gallant Boar 2026 „პირდაპირ არის მიმართული ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე რუსეთის ანკლავის – კალინინგრადის წინააღმდეგ“.
„ვრცელდება ცნობები, რომ ნატო ამზადებს კალინინგრადისა და კალინინგრადის ოლქის საჰაერო და საზღვაო ბლოკადას. ეს გამოგონილი ამბავი არ არის და წარმოადგენს საკითხს, რომელიც რუსეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. უპასუხისმგებლო ევროპული პოლიტიკური ელიტა სახიფათო თამაშს თამაშობს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუ დასავლეთი თავს დაგვესხმება, ჩვენ ამას ვუპასუხებთ და ეს იქნება სრულიად სხვაგვარი ომი, თანაც – ძალიან მოკლე. არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს – რუსეთი მზად იქნება გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, ბირთვული იარაღის ჩათვლით, საკუთარი ტერიტორიის დასაცავად, თუ ნატოს ქვეყნები კალინინგრადის ოლქის ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებას შეეცდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.
საელჩო დასძენს, რომ შექმნილ ვითარებაში არსებობს „შესაძლებლობა, კონფლიქტის საწყის ეტაპზე რუსეთმა პრევენციული დარტყმები ალიანსის ქვეყნების გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს მიაყენოს“.
ცოტა ხნის წინათ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ნატომ უნდა გააძლიეროს სამხედრო წვრთნები კალინინგრადის ოლქის სიახლოვეს, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, თავისი ჯარების ნაწილი უკრაინიდან ამ რეგიონში გადაისროლოს.