რუსეთი ამერიკული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით იმუქრება
რუსეთი ამერიკული პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით იმუქრება

რუსეთის პრემიერ- მინისტრი დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ რუსი მაღალჩინოსნებისა და ოლიგარქების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა შესაძლოა, ამერიკული პროდუქტების ნაწილი აკრძალოს.

მედვედევის თქმით, კონტრ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პრეზიდენტი პუტინი მიიღებს.

„ჩვენს ბაზარზე ბევრი ამერიკული პროდუქტია. ეს ეხება არა მხოლოდ ფასიან ქაღალდებს, არამედ ბევრ სხვა პროდუქციას, რომელიც რუსეთის ბაზარზე ხვდება და რომელსაც ამერიკული ბიზნესი აწარმოებს“, – განაცხადა რუსეთის პრემიერ მინისტრმა.

მედვედევმა არ გამორიცხა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა სავაჭრო ინსტიტუტებს მიმართოს.