რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომელიც ხვალ სტამბოლში გაიმართება, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე, რომელიც ხვალ სტამბოლში გაიმართება, უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის ხვალ, 2 ივნისს სტამბოლში მოლაპარაკებები გაიმართება.

როგორც მედია წერს, შეხვედრა, სავარაუდოდ, დოლმაბაჰჩეს სასახლეში შედგება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე დაასახელა, ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის დელეგაციას. მისი თქმით, ეს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი იქნება.

უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან და განსაზღვრა პოზიციები სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრამდე.

როგორც მედია წერს, ზელენსკის მიერ დასახელებული პირობები შემდეგია: „პირველი – ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა; მეორე – ტყვეების გათავისუფლება; მესამე – გატაცებული ბავშვების დაბრუნება. ასევე, საიმედო და მდგრადი მშვიდობის დამყარებისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის უმაღლესი დონის შეხვედრის მომზადება“.

შეგახსენებთ, 2022 წლის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები სტამბოლში განახლდა. 11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვდა. პუტინის ინიციატივის პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა, თუმცა რუსეთის ლიდერი სტამბოლში არ ჩავიდა. უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ბოლო შეხვედრა 20 მაისს შედგა, სადაც ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ.