რუსეთ-საქართველოს შორის ერთჯერადი, არარეგულარული ფრენები ისევ ხორციელდება
რუსეთ-საქართველოს შორის ერთჯერადი, არარეგულარული ფრენები ისევ ხორციელდება

რუსეთ-საქართველოს შორის ერთჯერადი, არარეგულარული ფრენები ისევ ხორციელდება. 25 ივლისს მოსკოვიდან თბილისში კერძო თვითმფრინავი, ფრანგული წარმოების Dassault Falcon 2000 ჩამოფრინდა.

საქართველოს პირველი არხი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა და შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.

სააგენტოში განმარტეს, რომ ფრენა (ე.წ. business flight) რუსეთის საავიაციო ხელისუფლების ნებართვით შესრულდა. ამასთან, საჰაერო ხომალდის ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, ფრენაზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდანაც გაიცა ნებართვა.

„თვითმფრინავი რეგისტრირებულია მანის კუნძულებზე (Isle of Man) და არ იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

უწყებაში მიუთითებენ, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, ქართული და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცალმხრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ არც ქართულ და არც რუსულ ავიაკომპანიებზე ნებართვები არ გაუქმებულა. რაც შეეხება არარეგულარულ ერთჯერად ფრენებს, სააგენტო მოქმედებს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის N196 დადგენილების სრული დაცვით“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს უწყებაში.

დატოვე კომენტარი