რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამო ლატვიამ აღნიშნულ ორ ქვეყანასთან საზღვრის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთ-ბელარუსის სამხედრო წვრთნების გამო ლატვიამ აღნიშნულ ორ ქვეყანასთან საზღვრის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

ლატვიის სეიმმა რუსეთისა და ბელარუსის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო აღნიშნულ ორ ქვეყანასთან საზღვრის დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბელარუსსა და რუსეთთან ლატვიის საზღვრების სრულად დახურვის შესახებ რეზოლუციის პროექტის ეროვნული უშიშროების კომიტეტისთვის გადაცემას 70-მა დეპუტატმა მისცა ხმა, 13 წინააღმდეგ წავიდა, ერთმა თავი შეიკავა.

ლატვია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი წვრთნების გამო პოლონეთი 11 სექტემბრის საღამოდან სრულად დახურავს საზღვარს ბელარუსთან. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვარშავამ უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტამდე მიიღო.

რუსეთისა და ბელარუსის მასშტაბური სამხედრო წვრთნები, რომელიც ცნობილია, როგორც „ზაპადი“, 12 სექტემბერს დაიწყება.