რუს ფეხბურთელს ბელარუსის ჩემპიონატში ორი მატჩის 22 ათას დოლარად „გაყიდვა“ ბრალდება
რუს ფეხბურთელს ბელარუსის ჩემპიონატში ორი მატჩის 22 ათას დოლარად „გაყიდვა“ ბრალდება

ბელარუსში მიმდინარეობს საქმის მოსმენა ე.წ. ჩაწყობილ მატჩზე საფეხბურთო კლუბ „გომელის“ მონაწილეობით. საქმის მასალებში ფიგურირებს მხოლოდ ერთი მოთამაშე – რუსი დმიტრი აიდოვი.

როგორც „პრესბოლი“ წერს, ფეხბურთელმა „გაყიდა“ ბელარუსის უმაღლესი ლიგის მატჩი „ბატეს“ (2018 წლის 13 ივნისი) წინააღმდეგ, აგრეთვე, მატჩი ბრესტის „დინამოსთან“ (2018 წლის 29 ივნისი). პირველი შეხვედრა ანგარიშით 0:3 დასრულდა, მეორე – 0:6.

„ბატესთან“ მატჩისთვის აიდოვმა ყოფილ ფეხბურთელ ვიქტორ ბოროვიცკისგან 12 ათასი დოლარი მიიღო, „დინამოსთან“ მატჩისთვის – 10 ათასი. როგორ ნაწილდებოდა ფული გუნდში და საერთოდ ნაწილდებოდა თუ არა, გამოძიებამ ჯერ ვერ დაადგინა.

37 წლის აიდოვი რუსეთში „ვოლგას“, „ნიჟნი ნოვგოროდის“, „ტორპედოს“, „ანჟისა“ და „არსენალის“ შემადგენლობაში თამაშობდა. დღეს ის რუსეთის სამოყვარულო ჩემპიონატში გამოდის.