რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს
რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, რუმინეთში, ბუქარესტის ეროვნული თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ მოეწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე -11 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ნორვეგიაში საქართველოს საელჩოში რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა და მოკლე დოკუმენტური ფილმის „ცხოვრება მავთულხლართებთან ერთად“ ჩვენება გაიმართა.

ღონისძიებას ნორვეგიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნიდერლანდებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ, ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიის საზაფხულო კურსების სტუდენტებს უმასპინძლა.

ელჩმა სტუდენტებს 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევის შესახებ.

7 აგვისტოს, ლიეპაიას წმინდა სამების ტაძარში, ლატვიაში საქართველოს საელჩოსა და ლიეპაიას მერიის თანაორგანიზებით, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებისა და რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება ფონდის „ვია კულტურის“ და საეიმას წევრ დაცე ბლუკეს ინიციატივით გაიმართა.

გამოფენა 2019 წლის 7 სექტემბრამდე გაგრძელდება. ასევე, 8 აგვისტოს ეგვიპტეს არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 11 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ინტერვენციიდან 11 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

ალექსანდრე ნალბანდოვმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მასშტაბებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლების დარღვევით.

ელჩმა აქვე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართულ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე. მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ოკუპაციის 11 წლისთავთან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეომასალებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში მთელი თვის განმავლობაში დაგეგმილია ცალკეული ღონისძიებები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ეხება.