რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას
რუმინეთში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ზღვის ფარი 2023“ გაიმართება, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას

რუმინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში 12 ქვეყნის 3 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ყველაზე კომპლექსური სასწავლო ღონისძიება, რომელიც რუმინეთის საზღვაო ძალებმა მიმდინარე წელს დაგეგმა.

სამხედრო სწავლებაში რუმინეთის საზღვაო ძალების 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი, ბულგარეთის საზღვაო ძალების ორი სამხედრო ხომალდი, 14 თვითმფრინავი საფრანგეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და თურქეთიდან, 15 სწრაფი ნავი და ეროვნული თავდაცვის სისტემის ინსტიტუტების საპატრულო ხომალდი, 57 სამხედრო მანქანა და სხვა საბრძოლო შესაძლებლობები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული თავდაცვის სპეციალისტები, ასევე ქვეითი და სამხედრო მედესანტეების ოცეული მიიღებს მონაწილეობას.

რუმინული მედიის ცნობით, წვრთნები ხელს შეუწყობს რუმინეთის ინიციატივებისა და ინტერესების ხელშეწყობას რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე მონაწილე ძალებს შორის თავსებადობის დონის ამაღლებას. „ზღვის ფარი“ – კომპლექსური კონცეფცია, რომელიც განკუთვნილია მოკავშირეთა ძალების წვრთნისთვის, რუმინეთმა ნატო-ს სამიტზე 2016 წელს ვარშავაში წარადგინა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფლანგზე უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად.

სამხედრო წვრთნები 20 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.