რუმინეთში კორუფციის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ღამის კლუბ Colectiv-ში მომხდარი ტრაგედიიდან სამ წლის თავზე დედაქალაქ ბუქარესტში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქტივისტების განცხადებით, ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრიდან სამი წელი გავიდა, დამნაშავეები კი ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ.
დემონსტრანტები დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეიკრიბნენ და ერთობლივი მსვლელობით ტრაგედიის ადგილამდე მივიდნენ. მსვლელობის დროს აქტივისტებს ყვავილები, სანთლები და თეთრი ჯვარი ეჭირათ, რომელზეც ტრაგედიის დროს დაღუპულების სახელები იყო დაწერილი.
აქტივისტების თქმით, ტრაგედია ერთგვარი სიმბოლო გახდა, რადგან მას შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა ლოზუნგი „კორუფცია კლავს“.
ბუქარესტის ღამის კლუბ Colectiv-ში ხანძარი 2015 წლის 31 ოქტომბერს გაჩნდა. ტრაგედიას მაშინ 65 ადამიანი შეეწირა, 150-მდე კი დაშავდა. ამ დროს შენობაში სულ 400 ადამიანი იმყოფებოდა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ცეცხლის გაჩენა ფოიერვერკმა გამოიწვია.
ხანძრის შემდეგ პოლიციამ კლუბის მფლობელის, ხანძრის ინსპექციის, მერიის რამდენიმე მაღალჩინოსნისა და პიროტექნიკის ორგანიზაციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თუმცა სასამართლო მოსმენა ჯერ კიდევ არ დანიშნულა.
ტრაგედიის დროს დაზარალებულები ფინანსურ კომპენსაციას ითხოვენ. ტრაგედიის შედეგად მიყენებულ ზარალს 212 მილიონ ევროდ აფასებენ.