რუმინეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს
რუმინეთს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა სურს

რუმინეთის რაგბის კავშირმა 2022 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშების მასპინძლობის სურვილი ოფიციალურად დაადასტურა. ინფორმაცია რუმინეთის რაგბის კავშირმა საკუთარ ინტერნეტგვერდზე გაავრცელა და მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას ოფიციალური წერილით მიმართა.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში ირკვევა, ფედერაციამ ქვეყნის მთავრობასთან და სპორტის სამინისტროსთან უკვე იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და გარანტიის წერილიც მიიღო, რაც გულისხმობს იმას, რომ მთავრობა რუმინეთის რაგბის კავშირს მხარს დაუჭერს, რათა ქვეყანამ ჯერ აღნიშნული ტურნირის მასპინძლობის უფლება მოიპოვოს, შემდეგ კი ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე იქნას ორგანიზებული.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთავრობას მხარდაჭერისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ და მოვიპოვებთ რაგბიში მამაკაცთა მსოფლიო თასის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის, 20-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშების მასპინძლობის უფლებას, ამით ძალიან დიდ სარგებელს ვნახავთ. ეს იქნება უდიდესი გამოწვევა. ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზრდება რაგბისადმი ინტერესი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის აშენებული სტადიონები. ადგილობრივი ხელისუფლება რამდენიმე ბაზის განახლებაშიც დაგვეხმარება. ეს ყოველივე რუმინული რაგბის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – განაცხადა რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ალინ პეტრაჩემ.

ბუქარესტში 2018 წელს მსოფლიოს 20 წლამდელთა ალაფა გაიმართა, სადაც გამარჯვება ფიჯის ნაკრებმა იზეიმა და მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება 20- წლამდელთა წლევანდელ მსოფლიო თასის გათამაშებას, რომელიც იტალიაში უნდა გამართულიყო, კორონავირუსის გამო აღარ ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ წელს არგენტინაში გამართულ მსოფლიო თასზე პლანეტის 12 უძლიერეს გუნდს შორის თამაშის უფლება ზედიზედ მეხუთედ შეინარჩუნა.