რუმინეთმა კონსტანცის სანაპიროსთან საზღვაო დრონი გაანადგურა
რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის გამანადგურებელმა შავ ზღვაში, კონსტანცის სანაპიროსთან საზღვაო დრონი გაანადგურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, ორი რუმინული F-16-ი სასწრაფოდ წესით აფრინდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, „ნეპტუნ ალფას“ პლატფორმასთან, ქალაქ კონსტანციდან დაახლოებით 80 საზღვაო მილის დაშორებით მცირე ზომის საზღვაო დრონი დაფიქსირდა. ერთ-ერთმა თვითმფრინავმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც დრონი გაანადგურა.
რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, რადუ მირუცეს განცხადებით, დრონი უკრაინული არ ყოფილა. მისი თქმით, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში ინციდენტთან დაკავშირებით ოპერატიული ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ნატო-ს მიმართა და ოპერაციის მართვის რუმინეთის შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა მოითხოვა.
მირუცეს განცხადებით, პრეზიდენტთან შეთანხმების შემდეგ დრონის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს, რათა დაცული ყოფილიყო „ნეპტუნ ალფას“ პლატფორმაზე მომუშავე რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, უკრაინულ მხარესთან დამყარებული საკომუნიკაციო არხის მეშვეობით რუმინეთმა ოფიციალური დადასტურება მიიღო, რომ დრონი უკრაინული არ იყო.
რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა ინციდენტის შემდეგ რუსეთის ფედერაცია „უპასუხისმგებლო ინციდენტების“ რაოდენობის ზრდაში დაადანაშაულა.
„გადაჭრით ვგმობ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მსგავსი უპასუხისმგებლო ინციდენტების გახშირებას. ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან ერთად ფხიზლად ვართ, რათა დავიცვათ თავი და მსგავსი პროვოკაციები აღვკვეთოთ“, – განაცხადა დანმა.