რუმინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ ევროპიდან ჯარების ნაწილს გაიყვანს ინდო-წყნარი ოკეანის მიმართულებით გადამისამართების მიზნით
აშშ ევროპიდან ჯარების ნაწილს გაიყვანს ინდო-წყნარი ოკეანის მიმართულებით გადამისამართების მიზნით, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, იონუტ მოსტეანუმ განაცხადა.
რუმინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, პოზიციის ეს ხელახალი შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წლის დასაწყისში გამოცხადებული უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.
იონუტ მოსტეანუმ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთში დაახლოებით 1 000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება, რაც ხელს შეუწყობს ნებისმიერი საფრთხის შეკავებას და წარმოადგენს აშშ-ის რეგიონული უსაფრთხოებისადმი ერთგულების გარანტიას.
„როდესაც ბრიუსელში ნატო-ს მინისტრების შეხვედრა გვქონდა, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ევროპელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ ახლა, როდესაც ევროპელებმა გააძლიერეს თავიანთი პოზიციები აღმოსავლეთ ფლანგზე და, ზოგადად, ევროპაში და შეთანხმდნენ უკეთ შეიარაღებაზე, ისინი მეტ ყურადღებას მიაქცევენ საკუთარ თავდაცვას. შეერთებული შტატები უფრო მეტად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ იქნება მიმართული“, – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა.