რუმინეთის სენატმა კონსტიტუციაში ქორწინების როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირის“ განსასაზღვრად რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა
რუმინეთის სენატმა კონსტიტუციაში ქორწინების როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირის“ განსასაზღვრად რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა

რუმინეთის სენატმა კონსტიტუციაში ქორწინების როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირის“ განსასაზღვრად რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად რეფერენდუმი, შესაძლოა, 7 ოქტომბერს გაიმართოს.

ინიციატივას მხარი 107-მა სენატორმა დაუჭირა. წინააღმდეგი 13 კანონმდებელი იყო, შვიდმა კი თავი შეიკავა. პარლამენტის ქვედა – დეპუტატთა პალატამ აღნიშნულ კანონპროექტს გასულ წელს დაუჭირა მხარი. ამჟამად რუმინეთის კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ქორწინება არის კავშირი „მეუღლეებს შორის“.

საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი სამოქალაქო ჯგუფი „კოალიცია ოჯახისთვის“ იყო, რომელმაც რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით 2016 წელს სამი მილიონი ხელმოწერა მოაგროვა.

კანონპროექტის ინიციატორები კონსტიტუციაში გენდერულად ნეიტრალური ტერმინის “მეუღლეების” “მამაკაცითა და ქალით” შეცვლას ითხოვენ.