რუმინეთის სანაპიროსთან დრონის დარტყმის შედეგად სავაჭრო გემი ჩაიძირა, შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, სამს კი ამ დრომდე ეძებენ

17:40, 23.10.2026

რუმინეთის სანაპიროსთან დრონის დარტყმის შედეგად სავაჭრო გემი ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, სამს კი ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, გემი რუმინეთის სანაპიროდან 13 საზღვაო მილში ჩაიძირა. გემზე 13 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის უკრაინის ათი და აზერბაიჯანის სამი მოქალაქე. მაშველებმა ეკიპაჟის ცხრა წევრის გადარჩენა შეძლეს.

მომხდარში რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა რუსეთი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ კრემლი  ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდასხმებს აძლიერებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.

„ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ესკალაციით. რუმინეთის სანაპიროსთან უკრაინელი და აზერბაიჯანელი ეკიპაჟით მცურავი სამოქალაქო გემი დაბომბეს. ეს უგუნური თავდასხმები უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს მიზანში იღებს და ღიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს“, – აღნიშნულია ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

მსგავსი