რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება გააპროტესტეს
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება გააპროტესტეს

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმება, რომლის თანახმად, მეორე ტურში კალინ ჯორჯესკუ გავიდა. დემონსტრაციაში ოთხი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების პირველი ტურის შედეგების აღდგენას ითხოვდნენ.

აქციაზე მიიტანეს კუბოს მაკეტი წარწერით „დემოკრატია“. „ჩვენ გვინდა ხმის მიცემა“, „დააბრუნეთ მეორე ტური“, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომელთა ნაწილს ჯორჯესკუს სურათები ეკავა ხელში.

რუმინეთის მმართველი კოალიცია მიმდინარე კვირას შეთანხმდა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს გაიმართება. რუმინეთის მოქმედი პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ახალ არჩევნებამდე სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე დარჩება. რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად 22%-ით დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ხელახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას კალინ ჯორჯესკუ, რომელიც ნატო-ს მიმართ კრიტიკით გამოირჩევა და უკრაინის დახმარებას ეწინააღმდეგება. დღეს ჯორჯესკუს ადვოკატმა საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნების შედეგების აღდგენის მოთხოვნით მიმართა.