რუმინეთის საგარეო უწყება - სოლიდარობას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში
რუმინეთის საგარეო უწყება - სოლიდარობას გამოვხატავთ საქართველოს მიმართ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო.

„რუმინეთი, თავის ტრანსატლანტიკურ და ევროპელ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, სოლიდარობას გამოხატავს საქართველოს მიმართ უსაფრთხოების გამოწვევებთან ბრძოლაში. რუმინეთი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა.

საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 2019 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის, საქართველოს პირველი არხის ვებპორტალს და შიდა ქსელს. დროებით შეფერხდა საქართველოს რადიოს მაუწყებლობა. ასევე, გაითიშა რამდენიმე ტელევიზია და სხვადასხვა ვებპორტალი.

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც. ვებგვერდების გახსნისას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გაჩნდა, წარწერით – „მე დავბრუნდები“ (I’ll be back).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.