რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან ძალიან ახლოსაა 
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან ძალიან ახლოსაა 

საქართველოს ხელისუფლებამ ძირეული რეფორმები განახორციელა, რითაც საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელესკანუმ ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ის უაღრესად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მინისტრმა საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული რეფორმების კურსის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ეს ძალიან კარგი მიმართულებაა და თქვენ უნდა განაგრძოთ სვლა ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“ – განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ამ პოზიციას ბევრი მისი ნატო-ელი კოლეგა იზიარებს.

„ჩვენ არ გვავიწყდება, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველო და უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების მთავარ კანდიდატებად აღიარეს. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ სწრაფად მოხდება“. – აღნიშნა მელესკანუმ.

თეოდორ მელესკანუმ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „თავისი ჩართულობითა და მხარდაჭერით, საქართველო პრაქტიკულად უკვე იქცევა როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრი“.

ამასთან, მინისტრმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ს დასკვნით დოკუმენტში – დეკლარაციაში, რომლის მიღებაც ხვალ იგეგმება, განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს დაეთმობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვაშინგტონს სტუმრობს. ნატო-ს საკითხებთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობის პარალელურად, დავით ზალკალიანი ნატო-ს წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

დატოვე კომენტარი